Loading data...
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა იურიდიული დახმარების სამსახურის 2023 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა იურიდიული დახმარების სამსახურის 2023 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინა.

იურიდიული დახმარების სამსახურის უფროსმა დავით სიმონიამ დეპუტატებს საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ აქტივობებზე, სამსახურის მიზნებზე და სამომავლო გეგმებზე დეტალური ინფორმაცია გააცნო.

დავით სიმონიას განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში უწყებამ მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა. მან იმ სტატისტიკურ მონაცემებზეც ისაუბრა, რაც უწყებამ საანგარიშო პერიოდში განახორციელა და დაწვრილებით მიმოიხილა სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებები. ინფორმაცია შეეხებოდა საქართველოს რეგიონებში საკონსულტაციო ცენტრების არსებობის მნიშვნელობას, ასევე, საზოგადოებრივი უფლებადამცველების საქმიანობას, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით გატარებულ ღონისძიებებსა და ტრენინგებს და უწყებათაშორის თანამშრომლობის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს.

„მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას წარმატებით დასრულებული სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობას, რომელთა შორის, ბენეფიციარის სასარგებლოდ დასრულდა 685 საქმე; სამოქალაქო საქმეებიდან წარმატებით დასრულდა 267 საქმე“, - განაცხადა დავით სიმონიამ.

მისი ინფორმაციით, გაწეული 24 539 კონსულტაციიდან, პირადი კონსულტაცია იყო 10 719, სატელეფონო - 5428.

2023 წლის განმავლობაში სამსახურმა დახმარება გაუწია 1491 დროებით უმუშევარ პირს, 2255 პენსიონერს, 520 შშმ პირს, 786 დევნილს, ეროვნული უმცირესობის 459 წარმომადგენელს და უცხო ქვეყნის - 309 მოქალაქეს.

დავით სიმონიას განცხადებით, სამსახურის მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები მნიშვნელოვან შედეგს მოიტანს ადამიანის უფლებების დაცვისა და სამართლებრივი ურთიერთობების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი სერვისების მიწოდების უზრუნველყოფისთვის, იურიდიული დახმარების სამსახურის უფროსს და სამსახურის იურისტებს მადლობა გადაუხადა.

„მივესალმები წარმოდგენილ ანგარიშს, რომელიც ცალკეული მიმართულებით განსაკუთრებით საინტერესოა. გარდა იმისა, რომ იზრდება ხელმისაწვდომობა, იზრდება საზოგადოების მხრიდან მომართვიანობა. საინტერესოა ის აქტივობები, რომელიც სამსახურს საოკუპაციო ხაზთან აქვს და იქ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების სამართლებრივი გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომიტეტმა ცნობად მიიღო იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის ანგარიში.