Loading data...
ალექსანდრე ტაბატაძე თურქეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ტაბატაძე საქართველოში ვიზიტით მყოფ თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის (პარლამენტი) ეროვნული თავდაცვის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ჰულუსი აკარი ხელმძღვანელობს.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის თავდაცვის კუთხით არსებული თანამშრომლობის მიმართულებები მიმოიხილეს და სამომავლო ურთიერთობების განმტკიცების საკითხებზე იმსჯელეს.

„თურქ კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განვიხილეთ და უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში თანამშრომლობის მიმართულებებზე ვისაუბრეთ. უსაფრთხოების გამოწვევებზე საუბრისას ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ თუ რამდენად აუცილებელია რეგიონში მშვიდობიანი გარემოს არსებობა და ამ კუთხით ჩვენი ქვეყნების ჩართულობის მნიშვნელობა.

ქართული მხარე მზადაა კიდევ უფრო გააძლიეროს და გაამყაროს თურქეთთან სტრატეგიული პარტნიორობა და ის ორმხრივი თანამშრომლობა, რომელიც ლოგისტიკის, თავდაცვისუნარიანობის ამაღლების და ერთობლივი სამხედრო სწავლებების ფორმატში არსებობს. თურქეთი საქართველოს მეგობარი ქვეყანაა და მისი როლი და მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.

შეხვედრაზე მხარეებმა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის საკითხებზე მსჯელობისას ყურადღება კომიტეტებს შორის არსებულ ურთიერთობებზე გაამახვილეს. აღინიშნა, რომ საპარლამენტო დელეგაციების ორმხრივი ვიზიტი და შეხვედრები თანამშრომლობის გაძლიერებას კიდევ უფრო უწყობს ხელს.

დელეგაციასთან შეხვედრას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი და პარლამენტის წევრები - ანზორ ბოლქვაძე და რესან კონცელიძე დაესწრნენ.