Loading data...
დავით სონღულაშვილმა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის სხდომაზე პროექტის - „მოქალაქეთა მობილობის ხელშეწყობა ფრანკოფონურ სივრცეში“ განხილვაში მიიღო მონაწილეობა

ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით სონღულაშვილმა მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში, ასამბლეის საპარლამენტო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, პროექტის - „მოქალაქეთა მობილობის ხელშეწყობა ფრანკოფონურ სივრცეში“ განხილვაში მიიღო მონაწილეობა.

პროექტში სტუდენტების მობილობის ხელშეწყობაზე გამახვილდა ყურადღება. აღნიშნულ საკითხზე მუშაობა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ინიციატივით ასამბლეამ გასულ წელს, თბილისში, რიგით 48-ე სესიაზე დაიწყო.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, ასამბლეა გეგმავს მომდევნო წელს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გააფართოოს.

ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის აქტიური ჩართულობით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორი სტუდენტი, მიმდინარე წლის ივლისში, კანადაში, ასამბლეის ყოველწლიური სესიის პარალელურად, ახალგაზრდული პარლამენტის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

სხდომაზე ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის გასული წლის აქტივობების შესახებ ანგარიში მოისმინეს. ასევე, გაეცნენ ასამბლეის 2024 წლის სამოქმედო გეგმას.

დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედის ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი დავით კაჭარავა.