Loading data...
დავით სონღულაშვილმა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის საპარლამენტო საქმეთა კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით სონღულაშვილმა მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის საპარლამენტო საქმეთა კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

კომიტეტის სხდომაზე ასამბლეის დელეგაციის წევრებმა საკუთარ ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკური ვითარება მიმოიხილეს.

დელეგატებს სიტყვით მიმართეს მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარემ ანდრია მანდიჩმა და მონტენეგროს ვიცე-პრემიერმა ალეკსა ბეჩიჩმა.

სხდომაზე განიხილეს და მიიღეს მოხსენებების პროექტები თემებზე: „დეზინფორმაციის გავლენა საპარლამენტო საქმიანობაზედაპარლამენტების როლი ფრანგული ენის ხელშეწყობაში“. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ასამბლეის 15-მდე წევრი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები სხვადასხვა კონტინენტიდან.

დავით სონღულაშვილმა თავის გამოსვლაში საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეკონომიკური მიმართულებით განხორციელებული რეფორმები ხელს უწყობს ქვეყნის მოსახლეობის ეკონომიკურ კეთილდღეობას, ხოლო ბიზნესს სთავაზობს განგრძობით პერიოდში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას.

მისი განცხადებით, ამ დროისთვის, საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) გათვალისწინებული ევროკავშირის სამართლებრივი აქტების 60%-ზე მეტთან უკვე დაახლოებულია.

ჩვენი მიზანია, რომ საქართველოს ყველა რეფორმა მიმართული იყოს ევროკავშირთან წარმატებული ეკონომიკური ინტეგრაციისკენ. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ევროკომისიას უკვე წარვუდგინეთეკონომიკური რეფორმების პროგრამა 2024-2026“, რაც ევროკავშირის ბაზართან ქვეყნის დაახლოების, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პოტენციალის ათვისებისა და ამ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფისთვის არის აუცილებელი. შესაბამისად, ძალიან მალე ვიქნებით მზად იმისთვის, რომ ევროკავშირის ერთიანი ბაზრის ნაწილი გავხდეთ“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა სხდომაზე გამოსვლისას.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დავით სონღულაშვილთან ერთად ასევე იმყოფებოდა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი დავით კაჭარავა.