მაია ბითაძემ კლიმატის კანონპროექტთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე კლიმატის კანონპროექტთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კლიმატის დეპარტამენტის უფროსსა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
შეხვედრა შეეხებოდა კლიმატის კანონპროექტს, რომელზეც კომიტეტი აქტიურად მუშაობს. კანონპროექტის მომზადების ფარგლებში უკვე გაიმართა საკონსულტაციო დოკუმენტების პრეზენტაცია, ამ ეტაპზე კი უშუალოდ კანონპროექტის შემუშავება მიმდინარეობს.
მაია ბითაძემ პარლამენტში გამართული შეხვედრის ფარგლებში, კომიტეტის აპარატის წევრებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად სხვადასხვა საკითხი განიხილა, მათ შორის, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს კანონპროექტში კლიმატის ადაპტაციისა და შერბილების საკითხები, რა ვალდებულებები უნდა დაეკისროს კანონის ფარგლებში სახელმწიფო უწყებებს და თუ როგორ უნდა განისაზღვროს კლიმატის პოლიტიკის ეროვნული ჩარჩო.