Loading data...
მერაბ ქვარაია: ჩვენ ვიცავთ ღირებულებებს, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ღირებულებები გვიცავს ჩვენ, ჩვენს სამშობლოს და კაცობრიობას

„რამდენიმე წლის წინ ვერ წარმოვიდგენდით თუ ამ ერთი შეხედვით მარტივი საკითხის ირგვლივ მოგვიწევდა შეკრება და მსჯელობა, რომ ქალი და კაცია ოჯახი ან როგორ შედგება ოჯახი. სამწუხაროდ, დღეს და არა მარტო საუბარი გვიწევს, არამედ იმ ღირებულებების დაცვაც, რომელმაც ჩვენ დღემდე მოგვიყვანა“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მერაბ ქვარაიამ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონპროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვისას ზუგდიდში.

მან კონსტიტუციური კანონპროექტების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრა.

„ჩვენმა დიდმა წინაპარმა რამდენიმე სიტყვაში გვითხრა - მამული, ენა, სარწმუნოება, ეს ყველაფერს მოიცავს და ეს ჩვენი სამოქმედო გეგმაა, ჩვენ ამ გზით უნდა ვიაროთ.

შემდეგ ჩვენმა პატრიარქმაც არაჩვეულებრივი სიტყვები გვითხრა - ღმერთი, სამშობლო, ადამიანი! მგონია, ყველამ ვიცით რა გზას უნდა დავადგეთ, საით და როგორ უნდა ვიაროთ, ამიტომაც ვფიქრობ, რომ დროულია ჩვენი შეკრება და საუბარი. დროულია ის საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა. ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეული ჩვენგანის მოსაზრება, მხარდაჭერა, რაც საბოლოო ჯამში, უნდა აისახოს საქართველოს კონსტიტუციაში“, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია, ისეთი გადაწყვეტილებები მივიღოთ, რომელიც გვათქმევინებს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და ამ გზიდან გადახვევას არ ვაპირებთ.

„ეს გზა არის გამარჯვების გზა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ღირებულებები გვიცავს ჩვენ, იცავს ჩვენს სამშობლოს და კაცობრიობას“, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ.