Loading data...
პარლამენტის ნდობის ჯგუფში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს მოუსმინეს

პარლამენტის ნდობის ჯგუფში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა, უწყების 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. განიხილეს ქვეყნის წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, სამსახურის მიერ საფრთხეების პრევენციისა და ნეიტრალიზაციის მიზნით გადადგმული ნაბიჯები, ინსტიტუციური განვითარების კუთხით განხორციელებული ღონისძიებები.

„პროდუქტიული განხილვა გვქონდა ნდობის ჯგუფში. სამსახურის უფროსმა დეტალურად ისაუბრა საფრთხეების სხვადასხვა გამოვლინებებზე, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა და იმ ღონისძიებებზე, რომლებიც სამსახურის მხრიდან მათი ადრეულ ეტაპზე გამოვლენის, ზიანად ქცევის პრევენციის და განეიტრალების მიზნით გადაიდგა. მოსმენის ფარგლებში მივიღეთ ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების, აგრეთვე სუსის კონტრსადაზვერვო და კონტრტერორისტული საქმიანობის და უწყების ინსტიტუციური განვითარების სფეროში განხორციელებული აქტივობების შესახებ.

მოვახდინეთ კონკრეტული სფეროების იდენტიფიცირება, სადაც მიზანშეწონილია საკანონმდებლო ბაზის დახვეწა, ეროვნული უსაფრთხოების მექანიზმების შემდგომი განმტკიცების მიზნით. უსაფრთხოების სამსახური საქმიანობს გამართულად, ეფექტიანად და იმსახურებს მაღალ შეფასებას. საქართველოს უსაფრთხოება საიმედო ადამიანების, ღირსეული პროფესიონალების ხელშია. არცერთი პირი თუ ორგანიზაცია, რომელიც არის პირდაპირი თუ ირიბი საფრთხის მატარებელი ჩვენი ქვეყნის, მოქალაქეების და მათი ინტერესების წინააღმდეგ, არ არის უყურადღებოდ დატოვებული უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან.

ჩვენ, კანონმდებლები ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ერთი მხრივ, სამსახურზე ხორციელდებოდეს ეფექტიანი ზედამხედველობა და მეორე მხრივ, მას ჰქონდეს ყველა საჭირო მხარდაჭერა”, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის, ნდობის ჯგუფის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ.

უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან ერთად, ნდობის ჯგუფის სხდომას, სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე და უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პარლამენტის მხრიდან, სხდომაში ნდობის ჯგუფის წევრები, უმრავლესობიდან ანრი ოხანაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე, ოპოზიციიდან - თემურ ჯანაშია მონაწილეობდნენ.