Loading data...
რიმა ბერაძე: გამჭვირვალობა ევროპული ღირებულებაა, რუსული არის ის მეთოდები, რომლითაც თქვენ ცდილობთ ხელისუფლების ხელში ჩაგდებას

მმართველი გუნდის წევრი რიმა ბერაძე

„ახლა, ქართველი ხალხის წინაშე ძალიან მარტივი ამოცანა დგას: აირჩიოს მშვიდობა და განვითარება, თუ აირჩიოს მტრული ძალების მხრიდან ქვეყნის საბოლოო განადგურება“, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რიმა ბერაძე პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვის დროს განვითარებულ მოვლენებს.

როგორც რიმა ბერაძემ აღნიშნა, მთელი წელია ოპოზიცია ცდილობს მოსახლეობას დააჯეროს გამჭვირვალობის კანონის „რუსულობა“, რაც სიცრუეა.

„სინამდვილეში, ის ამკვიდრებს მთავარ ევროპულ ღირებულებას საქართველოში - გამჭვირვალობას და იცავს ქვეყანას გარე ძალების ჩარევისგან. გამჭვირვალობა ევროპული ღირებულებაა, რუსული არის ის მეთოდები, რომლითაც თქვენ ცდილობთ ხელისუფლების ხელში ჩაგდებას და ამისთვის ყველაზე ბინძური მეთოდებით ბრძოლას კადრულობთ“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

მისი თქმით, საბედნიეროდ, მეორე ჯერზე ოპოზიციას არ გამოუვა მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა, რადგან ქართველი ერის დიდ უმრავლესობას კარგად აქვს გააზრებული ამ კანონის მნიშვნელობა.

„კანონპროექტის საჯარო განხილვამ ბევრი რამ ცხადი გახადა საზოგადოებისთვის. მიუხედავად თქვენი მცდელობისა ამორალური პროვოკაციებით ჩაგეშალათ სხდომა, მამუკა მდინარაძემ და ჩვენმა კოლეგებმა მოახერხეს და არგუმენტირებულად ახსნეს ამ კანონპროექტის დეტალები.

გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაგვანახა ყველას, ვინ ვინ არის, ვის როგორი დამოკიდებულება აქვს ქვეყნის მიმართ და ვინ რა მეთოდებით იბრძვის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ.

საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც ჯერ კიდევ დარჩა შეკითხვები ამ კანონის მიღების აუცილებლობასთან დაკავშირებით, მინდა განვუმარტო, რომ ახლა სასწორის ერთ მხარეს გვაქვს ხელისუფლების მცდელობა, ჩვენმა ქვეყანამ ღირსებით დაიმკვიდროს ადგილი ევროპაში, მეორე მხარეს კი, გაავებული ოპოზიციური სპექტრის მიერ მოწყობილი პროვოკაციული ქმედებები, ტყუილები, არეულობის მცდელობები, მავნებლობები და უამრავი უბედურება, რასაც ისინი ქვეყნის წინააღმდეგ სჩადიან“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.