Loading data...
ეს იყო ლაჩრული თავდასხმა კოლეგაზე, ბოდიშის მოხდა არის საჭირო - თალაკვაძე მდინარაძეზე მომხდარ თავდასხმაზე

ბატონმა მამუკამ ღირსეულად უპასუხა ამ აგრესიას და თავდასხმას, მან აჩვენა, ქვეყანა არის უპირველესი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

თალაკვაძე ალეკო ელისაშვილის ქმედებას ლაჩრულს უწოდებს და ელისაშვილს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს. 

„მინდა, ასევე, გამოვეხმაურო გუშინ საკომიტეტო მოსმენაზე მომხდარ ფაქტს. ცხადია, სადაც მთავრდება არგუმენტები, სწორედ იქ იწყება აგრესია და ძალადობა და ამ ძალადობის ფაქტმა სწორედ ეს დაადასტურა ოპოზიციის მხარეს. რა თქმა უნდა, ბატონმა მამუკამ ღირსეულად უპასუხა ამ აგრესიას და თავდასხმას. მან აჩვენა, ქვეყანა არის უპირველესი და ის, რაც ჩვენ გვევალება და ამომრჩეველმა დაგვავალა არის - უპირველესი, არა პირადი ემოციები, არა აგრესია, არა თავზე კონტროლის დაკარგვა, არამედ  - ღირსება, სიმშვიდე და პროფესიონალიზმი არის უპირველესი.

ეს იყო ნამდვილად ლაჩრული თავდასხმა კოლეგაზე. რა მაგალითი მისცა ბატონმა ალეკომ ბავშვებს, როგორ დარჩება ეს მაგალითი ისტორიაში. მას ჭკუას ვერ დავარიგებ უკვე დიდია, მაგრამ ვურჩევ და ვეტყვი, ბოდიშის მოხდა არის საჭირო“, - აცხადებს არჩილ თალაკვაძე. 

შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილმა კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი.