Loading data...
მამუკა მდინარაძე: ეს იყო დაგეგმილი და სავარაუდოდ, გადახდილი პროვოკაცია, რომელიც ალეკო ელისაშვილმა იკადრა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანმა მამუკა მდინარაძემ კომიტეტზე დაპირისპირების შემდეგ, განცხადება გააკეთა და თქვა, რომ რაც მოხდა შემთხვევითი არ იყო. 

მდინარაძის თქმით, პროვოკაცია დაგეგმილი იყო, რაშიც სავარაუდოდ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა თანხა აიღო. 

„ეს შემთხვევითი ამბავი არ იყო. ეს იყო დაგეგმილი ამბავი. ამის მტკიცებულება მაქვს. ასეთი არამზადები სარგებლობენ ამით, ამას საკადრისი პასუხი გაეცემა. მუქარაზე არ გადავდივარ ქუჩური მეთოდებით, ეს უნდა დამთავრდეს. საკადრის პასუხს გავცემთ. პრობლემა არ არის. 

ვისზე ნაკლები პატრიოტები არიან უმრავლესობის წევრები? ალეკო ელისაშვილია პატრიოტი და აქ არ არიან პატრიოტები? 

პირველ რიგში, შევაკვდებით ჩვენ. რაც შეეხება ინფორმაციას, რამდენიმე დღის წინ ჩემმა მეგობარმა მომწერა ასეთი მესიჯი. იქნებ მამუკა მდინარაძეს მიაწვდინოთ ხმა. ერთი გოგოა ონლაინ გამოცემიდან, არ დავასახელებ, ეგ უნდა შევიდეს მდინარაძესთან ინტერვიუზე, პარლამენტში ვინც არიან ჩვენები არცერთს არაფრის თავი არ აქვს, უფრთხილდებიან, პირადი სიმპათიები აქვთ თუ რა ჯანდაბა სჭირთ ვერ გავიგე, იქნებ ამან მდინარაძე ცოტათი მაინც მიაბანძოს, ძალიან შეუბერაო. 

წესით პროვოკაციებს იკადრებენ. უკადრებელს იკადრებენ ამ დღეებში და გვიგებენ რეალურად, უარგუმენტოდ ვართ გარედან ტიპების იმედზე.  ეს იყო დაგეგმილი და სავარაუდოდ გადახდილი პროვოკაცია, რომელიც ალეკო ელისაშვილმა იკადრა“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. 

შეგახსენებთ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს სიტყვით გამოსვლისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.