Loading data...
შსს უფრთხილდება მოქალაქეებს, რომ ზედმეტად არ დაზიანდნენ, ვიცით, რა ძალები დგას ამის უკან - შალვა პაპუაშვილი

„შს სამინისტროს წარმომადგენლები აქციების დროს სანიმუშოდ იქცეოდნენ, მათ შორის აქციის მონაწილეების, ჟურნალისტების დაცვის მხრივ, საუკეთესო სტანდარტებით“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციისგან განსხვავებით „ოცნება“ ძალადობას ყოველთვის და ყველას მიმართ გმობს. 

ამასთან, პაპუაშვილი ამბობს, რომ შსს აქციების დროს სანიმუშოდ იქცეოდა, შეეძლოთ გამოეყენებინათ რეზინის ტყვიები და არ გამოიყენეს.

„ვერაფერს ვიტყვი შს სამინისტროზე, რადგან ჩვენ ვართ საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელი, შინაგან საქმეთა სამინისტრო აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელია და არ არის მითითებებზე დამოკიდებული.

შს სამინისტროს წარმომადგენლები აქციების დროს სანიმუშოდ იქცეოდნენ, მათ შორის აქციის მონაწილეების, ჟურნალისტების დაცვის მხრივ, საუკეთესო სტანდარტებით. შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, როდესაც პარლამენტზე იყო ძალადობრივი თავდასხმა, აქციის მონაწილეთა მხრიდან, იყო მომენტი, როცა შეეძლოთ რეზინის ტყვიები გამოეყენებინათ და პოლიციამ ისინი არ გამოიყენა. უფრთხილდებიან, რომ მოქალაქეები ზედმეტად არ დაზიანდნენ, ვინაიდან ვიცით, რა ძალები დგას ამის უკან.

აქციის მონაწილეებს მარიონეტად იყენებენ და ძალადობისკენ მოუწოდებენ. რაც შეეხება „ტვ პირველის“ შემთხვევას, პასუხი შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გაგცეთ.

ნახეთ დიტო სამხარაძის ბავშვის მიმართ მკვლელობის მუქარა, როგორ მისწერეს პარლამენტის წევრს. თქვენგან და ოპოზიციისგან განსხვავებით, ძალადობას ჩვენ ყოველთვის, ყველას მიმართ ვგმობთ. ეს არის ყველას პასუხისმგებლობა. გარდა ამისა, ხელისუფლებას დამატებითი ვალდებულება აქვს, გამოიძიოს და მოძებნოს დამნაშავეები და ამას აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო“, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.