Loading data...
თუ სხვა დემოკრატიული სახელმწიფოების მოქალაქეები ფლობენ ინფორმაციას, ვინ არის პოლიტიკაში ჩართული, გაუგებარია, რატომ არ შეიძლება ეს საქართველოში - მაკა ბოჭორიშვილი

თუ სხვა დემოკრატიული სახელმწიფოების მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, ფლობდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, ვინ არის მათ ქვეყანაში პოლიტიკის კეთებაში ჩართული, გაუგებარია, რატომ არ შეუძლია საქართველოს მოქალაქეს იმავე შესაძლებლობით სარგებლობა, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა.

მისი განცხადებით, აღნიშნული კითხვა სხვებსაც უჩნდებათ, ამიტომ არსებობს ეჭვი, რომ გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგეებს ან სათანადო ინფორმაცია არ აქვთ, ან სხვა ინტერესი გააჩნიათ.

„ის თუ დასაშვებია, რომ სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოებში მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ფლობდნენ ინფორმაციას პროცესების შესახებ, რომელიც უკავშირდება მათ ქვეყანაში პოლიტიკის კეთებას, რატომ არ შეიძლება, ეს ინფორმაცია ჰქონდეთ საქართველოში საქართველოს მოქალაქეებს, როდესაც საქმე ეხება გარკვეული ორგანიზაციების, ამ შემთხვევაში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობას პოლიტიკაში, საქართველოში პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში. რა თქმა უნდა, ეს კითხვა სხვებსაც უჩნდებათ, რატომ არის სრულიად სამყარო საქართველოს კანონის წინააღმდეგ მიმართული, რომელიც ემსახურება ერთადერთ მიზანს, გამჭვირვალობას. აქ არის ერთი ეჭვი, რომ მათ არ აქვთ სათანადო ინფორმაცია, ან ეს არის გარკვეული ინტერესი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.