Loading data...
შურისძიების მიზნით მეზობლის მკვლელობაში ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, სასამართლომ დაკავებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქმე ეხება 2023 წელს მომხდარ დანაშაულს, რა დროსაც, ბრალდებულმა მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით წარმოშობილი უთანხმოების გამო, მეზობელი კაცი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა.

„სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით დავა დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ. ბრალდებული სადავო მიწის ნაკვეთის მისაკუთრებას ცდილობდა, რასაც მეზობელი არ თანხმდებოდა. წარმოშობილი უთანხმოების გამო 2023 წლის 3 სექტემბერს ბრალდებულმა ფერმიდან სანადირო თოფი გამოიტანა და ახალგაზრდა მამაკაცს მოულოდნელად ესროლა, მიყენებული დაზიანებებით დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდების მხარემ საქმეზე წარადგინა დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობაც ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებდა. ნაფიცმა მსაჯულებმა ყველა მტკიცებულების და საქმის გარემოებების დეტალურად შესწავლის შემდეგ ბრალდებული განზრახ მკვლელობაში ერთხმად ცნეს დამნაშავედ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.