Loading data...
„აქციაზე ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებმა კიდევ უფრო ფართო მასშტაბები და ძალადობრივი სახე მიიღო“ - „იმედის“ განცხადება

საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებმა კიდევ უფრო ფართო მასშტაბები და ძალადობრივი სახე მიიღო, - აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. 

ტელე „იმედში“ აცხადებენ, რომ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ეს არის დაგეგმილი ბინძური პროვოკაცია „იმედის" წინააღმდეგ, რადგან ყველაზე რეიტინგულმა მედიამ ვერ შეძლოს და ზღვარგადასული აგრესიის ფონზე ვერ მოახერხოს პროცესების სრულფასოვანი გაშუქება.

„საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებმა კიდევ უფრო ფართო მასშტაბები და ძალადობრივი სახე მიიღო. რადიკალური ჯგუფების პირდაპირი აგრესიის ფონზე, დღითი დღე შეუძლებელი ხდება პროფესიული მოვალეობის შესრულება და საპროტესტო აქციიდან ჩვენი მაყურებლისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება.

რადიკალური ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ, აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. გვაქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ეს არის დაგეგმილი ბინძური პროვოკაცია „იმედის" წინააღმდეგ, რადგან ყველაზე რეიტინგულმა მედიამ ვერ შეძლოს და ზღვარგადასული აგრესიის ფონზე ვერ მოახერხოს პროცესების სრულფასოვანი გაშუქება.

ტელეკომპანია „იმედმა“ 16 აპრილს რეაგირებისათვის მიმართა დიპლომატიურ კორპუსს და ადამიანის უფლებათა დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს, თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, მათი მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ასევე, ძალიან სამწუხაროა, რომ არავის აღმოაჩნდა ნება, ხმამაღლა ეთქვა - ჟურნალისტური საქმიანობის ძალადობრივად ხელის შეშლას, ევროპულ დემოკრატიასთან საერთო არაფერი აქვს!“, - ნათქვამია განცხადებაში.