Loading data...
შსს: მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს. 

როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი დაუყოვნებლივ აღიკვეთება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვის პარალელურად, რუსთაველზე აქცია დაიწყო.