Loading data...
შსს: მოვუწოდებთ შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი, მშვიდობიან ფორმებში გამოხატონ პროტესტი და დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდებს, არ დაარღვიონ კანონი, მშვიდობიან ფორმებში გამოხატონ პროტესტი და დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, მეორე დღეა აქციის მშვიდ ვითარებაში ჩატარებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულნი არიან საქართველოს პარლამენტთან.

15 აპრილს პოლიციამ განახორციელა ყველა საჭირო პრევენციული ღონისძიება, რათა ერთი მხრივ თავიდან აეცილებინა ძალადობა, მასობრივი დაპირისპირება და ამასთან, უზრუნველყო რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეებისთვის შეკრება-მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის საშუალება.

მიუხედავად სამართალდამცველების არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეებს მაინც ჰქონდათ მცდელობა გაერღვიათ საპოლიციო კორდონები, რა დროსაც პოლიციის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ იქნა 14 პირი.

აქციის მონაწილეთა მხრიდან ძალადობრივი ქმედებების დროს, დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები კვლავ რჩებიან რუსთაველის გამზირზე. სამართალდამცველები უზრუნველყოფენ ადგილზე მართლწესრიგის და როგორც საკანონმდებლო ორგანოს შენობაში მყოფი პირების, ასევე აქციის მონაწილეების უსაფრთხოების დაცვას. მოვუწოდებთ შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი, მშვიდობიან ფორმებში გამოხატონ პროტესტი და დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.