Loading data...
ნაკრების ექიმის განცხადებით, რენტგენით დგინდება, რომ ლევან შენგელიას მოტეხილობა აქვს

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს ლევან შენგელიას კოჭ-წვივის სახსრის მოტეხილობა აქვს და რამდენიმე კვირა იძულებითი უქმობა მოუწევს. აღნიშნულის შესახებ მედიასთან საქართველოს ეროვნული გუნდის ექიმმა დავით ხარაბაძემ ისაუბრა.

ამასთან, დავით ხარაბაძემ კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც გააკეთა, რომელმაც საბერძნეთთან მატჩის დროს, შენგელიას მსგავსად, მინდორი ტრავმის გამო დატოვა.

„ხვიჩა კვარაცხელიას შემთხვევაში უბრალოდ დაჭიმულობა იყო და მეტი არაფერი. დატვირთვის ფონზე ეს მოსალოდნელიც იყო. მით უმეტეს, რომ ხვიჩა იტალიის სერია A-ში თითქმის მთელი სეზონია შეუცვლელად თამაშობს და ეს დიდი დატვირთვაა. უკვე სეზონის ბოლო ახლოვდება და კუნთების პრობლემამაც იჩინა თავი. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.

რაც შეეხება შენგელიას, მან კოჭ-წვივის სახსრის ტრავმა მიიღო და ზუსტად ახლახან მომივიდა რენტგენის პასუხი, რომლის თანახმადაც მცირე მოტეხილობა აქვს. თუმცა, საგანგაშო მაინც არაფერია, რადგანაც რამდენიმე კვირაში ლევანი მწყობრში იქნება. გახსოვთ თამაშისაც ცუდი შეჯახება იყო, როდესაც შენგელია და მისი მეტოქე ერთდროულად წაიქცნენ და ბერძენი მოთამაშე მას მთელი ტანით სახსარზე დაეცა. ამან გამოიწვია დიდი წვივის მედიალური გოჯის მწვერვალი მოტეხილობა“, - აცხადებს ექიმი.