Loading data...
„სათამაშო კარიერაში ბევრი სიხარული განმიცდია, მაგრამ ეს სულ სხვაა“ - ვილი სანიოლი

ვილი სანიოლი

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ევროპის ჩემპიონატზე გასვლასთან დაკავშირებულ ემოციებზე ფრანგულ გამოცემას L'Équipe ესაუბრა. მისი თქმით, გუნდი ახლა, მომხდარის გაანალიზების პროცესშია.

სანიოლის თქმით, საქართველოს ნაკრების მუშაობამ შედეგი გამოიღო. 

„ამას ნამდვილად არ ველოდით. მოთამაშეები და „სტაფის“ წევრები, ყველანი იმ ეტაპზე ვართ, როდესაც მომხდარს ვაანალიზებთ. ქვეყანა წამოიმართა, ეს ფენომენალურია. სათამაშო კარიერის განმავლობაში ბევრი სიხარული განმიცდია, მაგრამ ეს სულ სხვაა. მწვრთნელობა განსხვავდება. ჩვენ სამი წელი დაუღალავად ვმუშაობდით, ზოგჯერ, იყო იმედგაცრუებები, რადგან ხდება როგორც აღმასვლა, ისე დაღმასვლა. შემდეგ კი უცებ... ეს, ემოციური თვალსაზრისით, ჩემპიონთა ლიგას უთანაბრდება, თუმცა, ეს უფრო დიდი რამაა, ვიდრე 2001 წელს [მიუნხენის ბაიერნის შემადგენლობაში უეფას ჩემპიონთა ლიგის მოგება] იყო“, - ამბობს სანიოლი.

შეგახსენებთ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევრო 2024-ის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთი დაამარცხა და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. გუნდი F ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები თურქეთის (18 ივნისი, დორტმუნდში), ჩეხეთის (22 ივნისი, ჰამბურგში) და პორტუგალიის ნაკრებები (26 ივნისი, გელზენკირხენში) იქნებიან.