ბიუროს სხდომის დასაწყისში პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ სამედიცინო პერსონალს მადლობა გადაუხადა.
"მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ექიმებს, ექთნებს, ეპიდემიოლოგებს, ასევე ყველა იმ მოკავშირე სამსახურის წარმომადგენლებს, ვინც ამ რთული დღეების განმავლობაში ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საზოგადოებას ეხმარება, რომ შევაკავოთ ვირუსის გავრცელება, დავიცვათ რაც შეიძლება მეტი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. როგორც ხედავთ, ის ღონისძიებები, რაც ჩვენ საზოგადოებასთან ერთად განვახორციელეთ, შედეგიანი იყო და ვირუსის გავრცელების მასშტაბები მცირდება. პარალელურად მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ - ხელისუფლება ძალიან აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ ყველაზე ადრე შესაძლებელ ვადაში მოხდეს ვაქცინაციის დაწყება, რადგან ეს თავის მხრივ, კავშირშია ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ აქტივობასთან, იმ შეზღუდვებთან, რომელიც დაწესებულია. აქტიურად ვმუშაობთ პრემიერ-მინისტრთან და მთავრობასთან საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, რომ პროცესის ოპტიმალური მართვა გაგრძელდეს. ხვალ გვექნება ასევე საბჭოს შეხვედრა, სადაც განვიხილავთ ეპიდემიოლოგიური კუთხით არსებულ დინამიკას და იმ ღონისძიებებს, რომელიც ეკონომიკურ აქტივობას უკავშირდება", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.