„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ შალვა პაპუაშვილს წერილი მისწერა, რომ პარლამენტში შესასვლელად ორგანიზაციულ-პროცედურული საკითხები მოუმზადონ.
როგორც შალვა ნათელაშილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი მოთხოვნაა, მიეცეს 40-წუთიან სიტყვის უფლება პარლამენტის ტრიბუნიდან.
„ექსკლუზიურად გეტყვით, რომ ორი დღის წინ წერილი მივწერე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, რომ მომიმზადონ ორგანიზაციულ-პროცედურული საკითხები პარლამენტში ჩემი შესვლისთვის. ამ წერილის ასლი გავრცელდა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელებთან. წერილი მივწერე, რომ გამოკითხვის მიხედვით, თუ მივიღებთ გადაწყვეტილებას პარლამენტში შემოსვლაზე, ამისთვის საჭირო იქნება ორგანიზაციულ-პროცედურული საკითხების გადაწყვეტა და დაავალეთ თქვენს აპარატს ამ პრობლემების გადაწყვეტა-მეთქი. ამასთან, ვითხოვთ 40-წუთიან სიტყვას ტრიბუნიდან, მით უფრო, რომ 21 წელი პარლამენტში არ შეგვიშვა არც ერთმა მთავრობამ და ეს გვეკუთვნის. ამაზე კი ოფიციალური პასუხი იყო, რომ საპროცედურო კომიტეტზე უფლებამოსილების შეტყვეტის საკითხს იხილავენ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
შეგახსენებთ, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი „ფეისბუქზე“ გამოკითხვას ატარებს, შევიდეს თუ არა პარლამენტში. შალვა ნათელაშვილის თქმით, პარტია საბოლოო გადაწყვეტილებას ხალხის მიერ დაფიქსირებული პოზიციის გათვალისწინებით მიიღებს.
ცნობილია, რომ უახლოეს სხდომაზე პარლამენტი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს. რეგლამენტის ჩანაწერის მიხედვით, პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს თუ არ დაესწრება, მას უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.