პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც პრემიერ - მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ, ხმაურით დაიწყო. ხმაური ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის დასაწყისს მოჰყვა, რომლის დროსაც მან აღნიშნა, რომ ევროკომისიამ ისტორიული გადაწყვეტილებას მიიღო და გაჩნდა მნიშვნელოვანი ჩანაწერი. მის ამ ფრაზას ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ ღარიბაშვილს რამდენჯერმე მიმართა. პრემიერ - მინისტრს ოპოზიციის წარმომადგენელმა რამდენიმე წუთის განმავლობაში არ მისცეს სიტყვის გაგრძელების საშუალება. აღნიშნულის გამო ოპოზიციამ პარლამენტის თავმჯდომარისგან გაფრთხილება მიიღო.
კიდევ ერთი კამათი 2008 წლის ომზე საუბარს მოჰყვა. "ნაციონალურმა მოძრაობამ" დააბრუნა რუსული ჯარი საქართველოში - ირაკლი ღარიბაშვილის ამ განცხადებამ დარბაზში მიხეილ სააკაშვილის გუნდის მხრიდან ხმამაღალი რეპლიკები გამოიწვია, მათ "ქართული ოცნების" დეპუტატებმაც უპასუხეს, რამდენიმე წუთით ვითარება დაძაბული იყო, დეპუტატებთან მობილიზება მანდატურებს მოუხდათ. ერთმანეთს სიტყვიერად ლევან ხებეიშვილი, აკაკი მინაშვილი, მამუკა მდინარაძე და მიხეილ ყაველაშვილი დაუპირისპრდნენ.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2008 წელს რუსული ჯარი საქართველოში სააკაშვილის უგუნური ნაბიჯების დამსახურებით დაბრუნდა. ომის შემდეგ კი, მისი თქმით, არანაირი აქტივობა არ გვინახავს.
"ომი იყო უბედურება, ტრაგედია, რაც ჩვენ გამოვიარეთ და რა სირცხვილიც გამოვიარეთ. ამათი მიწაზე მოფორთხიალე ე.წ მთავარსარდალი და გამოქცეული თავდაცვის მინისტრი, გაქცეული დეპუტატები, ქვეყნიდან გარბოდნენ, თქვენ ქვეყნიდან გარბოდით. ვინ ომობდა? ჯარი ომობდა, პოლიცია ომობდა. ათეულობით გვარი არის გასაჯაროვებული, მე თბილისში ვიყავი.
2007 წელს დატოვა რუსეთის ჯარმა საქართველო, 2008 წელს ამათმა უგუნურმა, გაუთვლელმა ნაბიჯებმა, სააკაშვილმა დააბრუნა რუსული ჯარი საქართველოში.
მე მინდა კითხვა დავუსვა ძვირფას ოპონენტებს. ომის შემდეგ თქვენ რა გააკეთეთ, რომ რუსეთისთვის სანქციები დაგეწესებინათ? ნული. არაფერი. არავითარი აქტივობა მათი მხრიდან მსოფლიოში, არ გვინახავს ჩვენ და პირიქით, მოაწერეს ხელი კაპიტულანტურ რეზოლუციას, რუსულ სახელმწიფო კომპანიებს სტრატეგიული აქტივები, ენერგეტიკული ობიექტები მიჰყიდეს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.