ყველა ის მოღალატეობრივი და მავნებლური ბოდვა თუ თეორიები რომ შევყაროთ ერთად, რაც კი ამ წლების განმავლობაში გაგვიგია, ეს წერილი კონცენტრირებული ქვეყნის ღალატის აღწერაა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის მხრიდან, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების მიერ ამერიკის საელჩოსთან დაკავშირებით გავრცელებულ წერილს.
მისივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის არსი ქვეყნის ინტერესის ღალატია.
„დარწმუნებული ვარ, პირადად მისი ნაკარნახევია, ნაწერზე ეტყობა ეს, მაგრამ მნიშვნელობაც არ აქვს მაგ დეტალს. ეგ არის ამ კაცისა და მისი გარემოცვის არსი, საკუთარი ინტერესებისთვის უტიფარი ბოდვით ქვეყნის ინტერესის ღალატი, თავისუფალ სამყაროსთან დაპირისპირება და საქართველოს მარტო დატოვება“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ცნობისათვის, "ქართული ოცნებიდან" წასულმა დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა გაავრცელეს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ რადიკალური ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ არის კოორდინირებული.