პლატფორმა, რომელსაც კენჭისყრისთვის ავირჩევთ, დაცულობის თვალსაზრისით სრულად უნდა პასუხობდეს ყველა პარამეტრს, რომ ეს პროცესი არ ჩაგვივარდეს, რადგან ტექნიკური გაუმართაობის გამო პროცესი რომ ჩავარდეს, სერიოზული დარტყმა იქნება პარტიისთვის
, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ შიდაპარტიულ არჩევნებზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, „მისაღები პლატფორმა არის ის, სადაც მანიპულაცია ფიზიკურად ვერ ხერხდება და სადაც ბევრ ადამიანს შეეძლება პროცესში მონაწილეობის მიღება“.
„დაცულობის თვალსაზრისით და რეპუტაციულად უფრო „ბლოკჩეინია“ მისაღები. ამ პლატფორმით ბევრ ცივილურ ქვეყანაში უამრავი არჩევნები ტარდება. ვფიქრობ, ამით საკმაოდ მაღალ სტანდარტს დავნერგავთ“, - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.
მისივე თქმით, არჩევნების ჩატარების ფორმასთან დაკავშირებით დოკუმენტი ან დოკუმენტები მალე მომზადდება, რომელსაც კენჭს პოლიტსაბჭო უყრის.
„ძალიან მალე უნდა ველოდოთ უკვე დასრულებულ დოკუმენტს ან დოკუმენტებს - შეიძლება ორი დოკუმენტი იყოს, ანუ ორი წესი, რომელსაც კენჭი უნდა უყაროს პოლიტსაბჭომ. მთავარია ძირითად პრინციპებზე ჩამოვყალიბდეთ. ვფიქრობ, სულ რამდენიმე შეხვედრა იქნება საკმარისი, რომ ძირითად პრინციპებზე ჩამოვყალიბდეთ. სხვა დანარჩენი, ტექნიკური ხასიათის, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი საკითხები პოლიტსაბჭოზე გადაწყდება. შემდეგ იქნება კანდიდატების რეგისტრაცია, რასაც საარჩევნო კამპანია და ხმის მიცემის პროცესი მოჰყვება“,- განაცხადა ბაჩო დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე დასახელებულია ნიკა მელიას, ლევან ხაბეიშვილის და გიორგი მუმლაძის კანდიდატურები.