პრეზიდენტის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი ერთი წლის განმავლობაში, ალბათ, დაახლოებით, 10-12-ჯერ იდგა და ჩვენ, ყველამ ერთად ვნახეთ, რომ მადლობა ღმერთს, ცოცხალი და ჯანმრთელია. მე ვისურვებდი, რომ ჯანმრთელი იყოს, ის სასჯელი ღირსეულად მიიღოს და მოიხადოს, რომელიც მას ქართული მართლმსაჯულების მიერ აქვს მისჯილი , - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა ბექა დავითულიანმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "თავისუფალი სტუდია" განაცხადა.
მისი თქმით, პენიტენციურ სისტემას აქვს პასუხისმგებლობა, რომ პატიმარი იყოს ცოცხალი და ჯანმრთელი.
"მე ვიცი ის, რომ ამ პასუხისმგებლობის ქვეშ პენიტენციური არ დაუშვებს, რომ მისი "გულგრილი" დამოკიდებულების გამო, პატიმრის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დადგეს.
რაც შეეხება დაავადებებს, რომელთა შემთხვევაში სასჯელის გადავადება ხდება, ეს არის უმძიმესი დაავადებები და მე არცერთ დასკვნაში მსგავსი მძიმე დაავადების შესახებ არ წამიკითხავს.
მახსოვს "ემპათიას" დასკვნა თვეების წინ და ბოლო წუთებს ვითვლიდით, მადლობა ღმერთს, მათი დასკვნა არ გამართლდა. მჯერა, რომ არც ახლა გამართლდება, იმიტომ, რომ პირველ რიგში, პენიტენციური სისტემის ინტერესშია მას პატიმარი არ გარდაეცვალოს. ექიმები რომ ასეთ საფრთხეებს ხედავდნენ, ისინი გააკეთებდნენ მკაფიო განცხადებას, რომ ეს ადამიანი შეუძლებელია ჩვენ პირობებში მკურნალობის კურსს გადიოდეს და გვიშველეთ, სადმე გაიყვანეთო. პირველი, ვისაც პრობლემა შეექმნება, ეს არის პენიტენციური სისტემა და პენიტენციური სისტემა, რატომ წავა ამ რისკზე?", - აცხადებს დავითულიანი