ტრიბუნაზე მხოლოდ იმის სათქმელად გამოვედი, რომ 3 ძალიან მამაც ქალს გადავუხადო მადლობა - თამარ კორძაიას, ხათუნა სამნიძეს და თეონა აქუბარდიას, რომლებმაც ერთი კვირის მანძილზე უპრეცედენტო წნეხს გაუძლეს იმისთვის, რომ ჩემთვის ხმა არ მოეცათ, - ამის შესახებ ახალარჩეულმა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც იოსელიანი აცხადებს, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ყველა მოქალაქის სახალხო დამცველი იყოს.
„რა თქმა უნდა, დღევანდელი დღე ჩემ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის. ჩვენი ქვეყნისთვის ამ ძალიან რთულ მომენტში მე დამეკისრა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა, ამ პასუხისმგებლობას ვაცნობიერებ. მინდა ამისთვის ყველა თქვენგანს, ვინც ნდობა გამოხატეთ ჩემ მიმართ მადლობა გადაგიხადოთ. სიმართლე გითხრათ, ტრიბუნაზე მხოლოდ იმის სათქმელად გამოვედი, რომ 3 ძალიან მამაც ქალს გადავუხადო მადლობა - თამარ კორძაიას, ხათუნა სამნიძეს და თეონა აქუბარდიას, რომლებმაც ერთი კვირის მანძილზე უპრეცედენტო წნეხს გაუძლეს იმისთვის, რომ ჩემთვის ხმა არ მოეცათ, ეს იყო მათზე განხორციელებული ბულინგი, თუ რაც გინდათ დაარქვით.
მიუხედავად ამისა, მათ თავიანთ სიტყვას და პრინციპს უერთგულეს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქალების იმედი უნდა გვქონდეს ამ ქვეყანაში, ქალების, რომლებიც ბევრად უფრო მამაცები არიან, ვიდრე ბევრი მამაკაცი, რომელიც აქ უბრალოდ იმის გამო არ არის, რომ ვერ შემომხედავდა თვალებში. დიდი მადლობა ყველა თქვენგანს, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღეთ, ვინც ეს ნდობა გამომიცხადეთ. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ გავამართლო ის პოზიცია, რომელსაც ძალიან საპატიო სახელი ჰქვია - სახალხო დამცველი - ვიყო ყველა მოქალაქის სახალხო დამცველი“, - განაცხადა იოსელიანმა.