რუსეთი ხედავს, რომ ომს ვერ იგებს და ცდილობს, დანარჩენი სამყარო ამყოფოს ბირთვული შანტაჟის ქვეშ, - ასე აფასებს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ზურაბ ბატიაშვილი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს.
ამასთან, როგორც ბატიაშვილი აცხადებს, გლობალურ მასშტაბში მნიშვნელობა არ აქვს ბირთვული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე იქნება თუ ბელარუსის ტერიტორიაზე. მისი თქმით, ეს მოსკოვის პროპაგანდის ნაწილია, რომელსაც ორივე ქვეყნის წინააღმდეგ მეტი სანქციის დაწესება მოჰყვება.
„გლობალურ მასშტაბში რუსეთი ახალს არაფერს აკეთებს. ის ხედავს, რომ ომს ვერ იგებს და ცდილობს, დანარჩენი სამყარო ამყოფოს ბირთვული შანტაჟის ქვეშ, რასაც ემსახურება ეს განცხადებები. რეალურად, ეს ბირთვული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე იქნება განთავსებული თუ ბელარუსის ტერიტორიაზე, გლობალურ მასშტაბში ეს არაფერს ცვლის, უბრალოდ ეს არის პროპაგანდისთვის, იმისთვის, რომ დააშინონ დასავლეთი, დასავლეთის საზოგადოებრივი აზრი, რომ მათ შეიძლება გამოიყენონ ბირთვული იარაღი. რეალურად ამას მოჰყვება ის, რომ სანქციები ბელარუსის წინააღმდეგ კიდევ უფრო გამკაცრდება, ისევე როგორც რუსეთის წინააღმდეგ. ამით არც უკრაინელები შეშინდებიან და არ შეწყვეტენ ბრძოლას თავისუფლებისთვის. ეს არის პროპაგანდისტული ნაბიჯი, რომელიც მიმართულია დასავლეთის დასაშანტაჟებლად“,- აცხადებს ექსპერტი.