ის დიფერენციაცია, რომელიც მოხდა საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას შორის გასულ წელს, ნამდვილად არ აძლევს ხელს არც საქართველოს, არც საქართველოს ევროკავშირისკენ სვლას და არც დამსახურებული ყოფილა საქართველოსთვის ასეთი მიდგომა, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ევროკავშირის გაფართოება ორი ასპექტისგან შედგება - გეოპოლიტიკური და ქვეყნების მიღწევებზე დაფუძნებული პროცესი. ამ თვალსაზრისით, საქართველო ნამდვილად არის ის ქვეყანა, რომელსაც აქვს თვალსაჩინო პროგრესი, მიღწევები. აქედან გამომდინარე, გასულ წელს საქართველოსთან მიმართებაში გამოყენებული განსხვავებული მიდგომა, ნამდვილად არც სამართლიანია და არც ხელსაყრელი ჩვენთვის. ეს შეიძლება ხელსაყრელი იყოს რუსეთისთვის, რომელმაც შეიძლება გამოიყენოს და იყენებს კიდეც ამას, იმისთვის რომ წარმოაჩინოს ყველაფერი ისე, თითქოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები კი არ მჭიდროვდება, არამედ პირიქით. რა თქმა უნდა, ეს საფრთხე არსებობს და საჭიროა ამ თემაზე საუბარი დასრულდეს, საქართველოს ჰქონდეს კანდიდატის სტატუსი და შემდგომ უკვე გაწევრიანების ისედაც ხანგრძლივი პროცესი დაიწყოს რაღაც სპეკულაციებისა და ინტერპრეტაციების გარეშე“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.