„პოლიციის მხრიდან გატარდა ყველა ღონისძიება, რომ დაცული ყოფილიყო ყველას უფლებები, არ დაზიანებულიყო არც ერთი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა და ღონისძიება წარმატებით დასრულდა“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კასპში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ბრალდებული დაკავებისას მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
„იგი იმყოფებოდა საკმაოდ მძიმე ემოციურ მდგომარეობაში, იყო საკმაოდ აღელვებული. პოლიციის მხრიდან გატარდა ყველა ღონისძიება, რომ ეს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ჩატარებულიყო მაქსიმალურად უსაფრთხოდ, რომ დაცული ყოფილიყო ყველას უფლებები, არ დაზიანებულიყო არც ერთი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა და ღონისძიება წარმატებით დასრულდა. მისი მოთხოვნა იყო, რომ სამართალდამცავ ორგანოებს მიეყვანათ მანქანა და აპირებდა საქართველოს ტერიტორიის დატოვებას რუსეთის მიმართულებით. ასევე, რამდენიმე დღის უკან მან მოგვმართა განცხადებით, ჰქონდა გარკვეული პრეტენზიები კონკრეტულ მოქალაქეებთან მიმართებაში“, - აღნიშნა ვლადიმერ ბორცვაძემ.
როგორც მან განმარტა, ბრალდებული ყოფილი პოლიციელია და მან ძალოავნი უწყება 2018 წელს დატოვა.
„პირველ ეტაპზე, გარკვეულწილად, თანამშრომლობაზე აცხადებდა უარს, მაგრამ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება მასთან ჩატარდა, დღესაც მიმდინარეობს ამ საქმეზე გამოძიება და ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება. დღევანდელი ქმედების მოტივი გამოძიების საგანია, გავარკვევთ. ის იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, მან 2018 წელს დატოვა პოლიციის რიგები და წავიდა სამსახურიდან - პირადი პატაკით დატოვა თანამდებობა. ამ საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხება ყველა ადამიანი, ჩატარდება შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები”, - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.