საქართველოს პროკურატურამ გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პოლიციის სხვადასხვა დანაყოფებისა და საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ერთობლივად განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის შვიდი წევრი დააკავეს.
გერმანული მხარის ჩართულობით და ევროჯასტის მხარდაჭერით დაგეგმილი ფართომასშტაბიანი ღონისძიება ერთდროულად ორ ქვეყანაში, ათეულობით სხვადასხვა ადგილზე მიმდინარეობდა.
საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებულ ღონისძიებაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 110 თანამშრომელი მონაწილეობდა.
ღონისძიების ფარგლებში, განხორციელდა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა; ამოღებულ იქნა 100-ზე მეტი ელექტრონული მატარებელი, დოკუმენტაცია და სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხა. გამოთხოვილ იქნა ელექტრონული ინფორმაცია ათეულობით ობიექტიდან; განხორციელდა არაერთი საპროცესო მოქმედება - ყადაღა დაედო დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ უძრავ ქონებას, ავტომანქანებს, საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ ფულად თანხებს, სხვადასხვა კომპანიების წილებს.
საქართველოში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში და სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარე გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ:
2015 წელს, საქართველოს და ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეებმა, პირდაპირი ფინანსური და სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ჩამოაყალიბეს შეთანხმებულად მოქმედი, სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი.
დანაშაულებრივი საქმიანობის პერიოდში, ორგანიზებული ჯგუფის წევრები, თაღლითურად დაეუფლნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეების კუთვნილ მილიონობით ევროს და მოახდინეს დანაშაულებრივი გზით მიღებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.