საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა, ნინო აღლემაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის სტუდენტებთან საჯარო ლექცია გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე ნინო აღლემაშვილმა სტუდენტებს უწყებაში დაგეგმილ და განხორციელებულ რეფორმებზე ინფორმაცია მიაწოდა. საჯარო ლექციაზე საუბარი, ასევე, სისხლის სამართლის საქმის მსვლელობის ეტაპებს და საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების გავლის წესს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მნიშვნელობას, ინსტიტუტის არსებობის მანძილზე გამოვლენილ ხარვეზებს, გამოწვევებსა და მიღწევებს შეეხო.
„ლექციაზე დისკუსიაც გაიმართა. შეხვედრის დასასრულს ნინო აღლემაშვილმა სტუდენტებს საჯარო ლექციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და მათ პროფესიული წინსვლა უსურვა.
შეხვედრა საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით გაიმართა და სტუდენტებისათვის საინტერესო საკითხებზე შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში, პროკურორებმა საჯარო ლექციები სტუდენტებისთვის სხვადასხვა ქალაქების უმაღლეს სასწავლებლებში ჩაატარეს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.