იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში მსჯავრდებული პირის საზღვარგარეთ მკურნალობის საკითხი კიდევ ერთხელ განმარტა. მინისტრის განცხადებით, პატიმრის საზღვარგარეთ გადაყვანა კანონმდებლობით დაუშვებელია:
„არსებობს ერთი წესი – მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში და რაიმე სახის კანონით გაუთვალისწინებელი გამონაკლისი, ბუნებრივია, ჩვენ მიერ ვერ დაიშვება".
იუსტიციის მინისტრის თქმით, პირის საზღვარგარეთ მკურნალობისათვის აუცილებელია ის, არ იყოს მსჯავრდებული პატიმარი. ამისათვის კი, მან ან უნდა მოიხადოს სასჯელი, ან უნდა მოხდეს სასჯელის გადავადება, ან მისგან გათავისუფლება.
„მკურნალობის ადგილის შერჩევა არის გემოვნების და შესაძლებლობების საკითხი. იმისთვის, რომ არჩევანის თავისუფლება არსებობდეს, პირი არ უნდა იყოს მსჯავრდებული პატიმარი – მან სასჯელი უნდა მოიხადოს ბოლომდე, ან არსებობს, მაგალითად, სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების მექანიზმები. თუკი ვინმეს სურს, რომ მისი სასჯელი გადავადდეს ან ის გათავისუფლდეს, უნდა მიმართონ შესაბამის პროცედურებს", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.