
ბათუმელი მოსწავლეები ექსკურსიაზე სხალთაში იმყოფებოდნენ და ბათუმში ბრუნდებოდნენ. მიკროავტობუსში სულ 20 ბავშვი იმყოფებოდა. ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზის გამო მანქანის კარი გაიღო და ბავშვები გზაზე გამოვარდნენ.
მოზარდებს სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები აღენიშნებოდათ. ისინი ქედის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ სამი მოსწავლე გაწერეს. სამი კვლავ სტაციონარში რჩება.
დაშავებულები აჭარის განათლების მინისტრმა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მოინახულეს.
„სამი ბავშვი უკვე გაეწერა, მათ უმნიშვნელო დაზიანებები აღენიშნებოდათ, სამი კი სტაციონალურ მკურნალობას განაგრძობს. ორი მოსწავლე უკვე გადმოყვანილია ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში, მათ უტარდებათ გამოკვლევა. ერთ-ერთ დაშავებულს თავის ტვინის ტრავმა აღენიშნება, მოსწავლეებს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე აღენიშნებათ ნაკაწრები, თუმცა ყველას მდგომარეობა სტაბილურია და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“- განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ლელა სურმანიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.