ტელე-რადიო წამყვანი გია კორკოტაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებთან, პოლიტიკურ პარტიებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, საზოგადოებრივი გაერთიანების შექმნის საკითხზე მუშაობს.
როგორც კორკოტაშვილმა გაზეთ „რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნა, ის ამ გაერთიანების შესაქმნელად, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასა და პიროვნებასთან კონსულტაციებს გადის.
„ხალხში დაგროვდა მუხტი, რომ ერთად დგომა და სიმართლის თქმა მოგვინდა, რადგან რასაც ქართულ პოლიტიკაში ვუყურებ, განცხადებები და დაპირებები, მხოლოდ დაპირებებად რჩება“, - აცხადებს კორკოტაშვილი.
მისივე თქმით, ჯერ მხოლოდ სამუშაო პროცესია, რის გამოც, ამ ეტაპზე კონსულტაციებში მონაწილე ადამიანების, იდეის ავტორების ვინაობის დასახელებას არ აპირებს.
„ეს იქნება საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელშიც არასამთავრობოები, პიროვნებები, პოლიტიკური პარტიები გაერთიანდებიან, რომელთაც აზრად ერთადერთი რამ აქვთ: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, პოლიტიკური ველის „ნაციონალებისგან“ გათავისუფლება და საქართველოში საცხოვრებლად ნორმალური პირობების ჩამოყალიბება“, - აღნიშნა გია კორკოტაშვილმა.
რაც შეეხება აღნიშნული გაერთიანების შესაძლო ხელმძღვანელს, კორკოტაშვილის განმარტებით, მართვა ერთპიროვნული არ იქნება, რადგან შესაძლოა, შეიქმნას რამდენიმე კაცისგან შემდგარი საბჭო, კომიტეტი ან ჯგუფი, რომელიც ამ გაერთიანების მმართველობას განახორციელებს.
ამასთან, გია კორკოტაშვილი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულმა გაერთიანებამ საპარლამენტო არჩევნებშიც მიიღოს მონაწილეობა.