მახათას მთაზე მშენებარე გზაზე ასფალტბეტონის საფარი იგება.
სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის ცნობით, პროექტის მიხედვით, ახალ გზაზე ორფენიანი ასფალტბეტონის საფარი დაიგება, საფუძვლის წვიმისგან დასაცავად, გზის ერთ ნაწილში, რომელიც დასახლებულ ტერიტორიაზე გადის, გაკეთდება სანიაღვრე ქსელი, ჩაიდება მილები, მოეწყობა ჭები და დაერთებები წყალმიმღებ არხებთან, გზის მეორე ნაწილში კი - რკინაბეტონის კიუვეტი ჩაშენდება.
სამებისა და მახათს მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ტაძრების დამაკავშირებელ 2 კმ სიგრძის გზას, თბილისის მერიის დაკვეთით, შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" აშენებს.
სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის ცნობით, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გზა, რომელიც თბილისის ისტორიულ უბანს, ავლაბარს მახათას მთასთან დააკავშირებს, არამარტო მოძრაობას განტვირთავს, არამედ, უამრავი ვიზიტორისა და ტურისტისთვის გადაადგილებას კომფორტულს გახდის. ახალი გზის მშენებლობა 2016 წლის თებერვალში დაიწყო და ივნისში დასრულდება.