
როგორც ხატისკაცმა „განსხვავებულ აქცენტებში“ ჩართვისას აღნიშნა, საზოგადო მოღვაწეთა ახალი პანთეონი მახათას მთაზე განთავსდება, სადაც, მერიის გადაწყვეტილებით, დაკრძალული იქნებიან მხოლოდ საზოგადო მოღვაწეები და არა მათთან ერთად, მათი ოჯახის წევრები.
„ახალი პანთეონის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა ვთქვათ ისიც, რომ უკვე მიღებულია გადაწყვეტილება - პანთეონი იქნება მხოლოდ საზოგადო მოღვაწეებისთვის და არა მათი ოჯახის წევრებისთვის. ამით ჩვენ ავიცილებთ იმ ხარჯებს, რასაც ჩვენ გავცემდით, მაგალითად, დიდუბის პანთეონის შემთხვევაში“, - აღნიშნა ხატისკაცმა.
მისი თქმით, დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, დაახლოებით 890 ადამიანია დაკრძალული, თუმცა, აქედან, მხოლოდ 528 არის საზოგადო მოღვაწე. დანარჩენი კი მათი ოჯახის წევრები არიან.
„დიდუბის პანთეონში დასაფლავებულია, დაახლოებით 890 ადამიანი. აქედან, მხოლოდ 528 არის საზოგადო მოღვაწე, დანარჩენი არის მათი მეორე ნახევრები.
უფრო მეტსაც გეტყვით - ასეთი ტრადიციაც იყო, საფლავისთვის განკუთვნილი მიწები წინასწარ იყო მონიშნული და შენახული. შესაძლოა, ჯერ მეუღლე გარდაცვლილიყო, რომელიც საზოგადო მოღვაწე არ იყო და შემდგომში ხდებოდა 2, 3, 4 და მეტი ადგილის შენახვაც.
მახათას მთაზე ასეთი პრაქტიკა აღარ იარსებებს, პატრიარქთან შეთანხმებითაც მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება. ახალ პანთეონში, მხოლოდ საზოგადო მოღვაწეები იქნებიან დასაფლავებული.
ახალი პანთეონის დასრულებამდე, აუცილებლად გაიწერება კონკრეტული წესი, რომლის მიხედვითაც განხილული იქნება გარდაცვლილი პირის დასაფლავება-არდასაფლავების საკითხი“, - განაცხადა ნინა ხატისკაცმა.
თბილისის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ახალი პანთეონი მახათას მთაზე განთავსდება.
პანთეონისთვის 17 ათას 188 კვ/მ ტერიტორია ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მიმდებარედ გამოიყო.
ახალი პანთეონის აშენება მერიამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დიდუბის პანთეონი დაიხურა.
პანთეონის თემა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც რამდენიმე საზოგადო მოღვაწემ მახათას მთაზე დაკრძალვის პერსპექტივა დაიწუნა და განცხადებით მიმართეს მთავრობას, რომელშიც სთხოვდნენ, ახალი პანთეონის მშენებლობის ნაცვლად, განკუთვნილი თანხა დიდუბის პანთეონის გაფართოებისთვის დახარჯულიყო.
თბილისის მერიის განცხადებით, დიდუბის პანთეონს გაფართოება ვერ მოხერხდება, რადგან სასაფლაო არ უნდა იყოს დასახლებული ადგილიდან 300 მეტრით ნაკლებ რადიუსში.