
„სტიქსი“ მულტიმედიური პროექტია, რომელიც ხელოვანის შექმნილ ფერწერულ ნამუშევრებს, ვიდეოსა და ინსტალაციას აერთიანებს. ბოლო წლების მანძილზე, ლევან სონღულაშვილი ისეთი ხელოვნების ტრადიციას იზიარებს, რომლებიც მედიტაციურ ცნობიერებას ასახავენ.
პროექტის სახელწოდება უკავშირდება მითოლოგიურ მდინარე „სტიქსს“, რომელიც რადიკალური ცვლილებების სიმბოლოს წარმოადგენს და ხილულიდან უხილავ სამყაროში გადაჰყავს სულიერები. შესაბამისად, გამოფენა დამთვალიერებლის ერთგვარი მოგზაურობა იქნება საკუთარ ცნობიერსა და არაცნობიერს შორის.
გამოფენის კურატორია მსოფლიო არტ-სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბრიტანელი კრიტიკოსი მარკ გიზბურნი, რომელიც საქართველოში სპეციალურად პრეზენტაციისთვის ჩამოვიდა.
საქართველოში ლევან სონღულაშვილის პერსონალურ გამოფენას წინ უძღოდა ბერლინში გალერეა კონფელდში (Galerie konfeld) მისი ნამუშევრების წარდგენა, რომელიც გამოფენილია საგამოფენო სივრცეში.
ლევან სონღულაშვილის ნამუშევრები სხვადასხვა დროს გამოიფინა ევროპისა და ამერიკის ცნობილ საგამოფენო სივრცეებში. მისი სამი ფერწერული ტილო წარმატებით გაიყიდა სოტბის აუქციონზე. ლევანს არაერთი საერთაშორისო აღიარება აქვს მიღებული 2017 წელს.
ქართველი არტისტი აშშ-მა ექსტრაორდინალურ ხელოვანად აღიარა და მწვანე ბარათით დააჯილდოვა. გასულ წელს მეტროპოლიტენ ხელოვნების მუზეუმში ლევან სონღულავილის ნამუშევარი 1 000-ზე მეტ ნამუშევარს შორის დასახელდა ხალხის რჩეულად.
ლევან სონღულაშვილის პერსონალურ გამოფენას გალერეა „ერთი“ 2 თვის მანძილზე უმასპინძლებს. ნამუშევრების ნახვის შესაძლებლობა ქართველ დამთვალიერებლებს 22 მაისამდე ექნება.