გლობალური დათბობა მთელს პლანეტაზე აღინიშნება, თუმცა სხვადასხვა რეგიონში დათბობის ინტენსიობა სხვადასხვაგვარია. ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო ტერიტორია სამხრეთ პოლუსია. კვლევები ანტარქტიდაზე 1989-2018 წლებში მიმდინარეობდა. კვლევის ანგარიში ჟურნალ Nature-სი გამოქვეყნდა.
დედამიწის ზედაპირის 71% წყლითაა დაფარული. წყლის 97.5% ზღვებზე ოკეანეებზე და გრუნტის წყლებზე მოდის. დარჩენილი 2.5%-ის 90% მყინვარებშია მოქცეული. მხოლოდ ანტარქტიდის სრული გადნობა ზღვის დონეს 60 მეტრით ასწევს, რაც რამდენიმე ასეული სანაპირო ქალაქის სრულ განადგურებას გამოიწვევს. მილიარდზე მეტ ადამიანს იძულებით საცხოვრებელის შეცვლა მოუწევს. ეკონომიკური ზარალი 14 ნიშნა რიცხვებით დაითვლება. კონტინენტის ყინულოვანი საფარი ერთ დღეში და ერთ წელიწადში ვერ გაქრება, მაგრამ პროცესების დაჩქარება მაინც ყურადღების მიქცევას ითხოვს.
სამხრეთ კონტინენტი ყველაზე გვიან XIX საუკუნის დასაწყისში აღმოაჩინეს. 14.2 მლნ კვადრატული კილომეტრის მქონე მატერიკზე ყინულის საფარის საშუალო სისქე 1.9 კმ-ს აღწევს. ზოგ ადგილებში 4 კმ-ს აჭარბებს. ყინულოვანი საფარის მოცულობა 27 მლნ კუბური კილომეტრია, რომლის სრული გადნობის შემთხევაშიც 29.5 კვადრილიონი ტონა წყალი გამოთავისუფლდება (ყინულის სიმკვრივე წყლის სიკმვრივის 91.6%-ს უდრის, შესაბამისად, სხვადასხვაა მათი მასა). რაც თავის მხრივ 800 მლრდ ოლიმპიური აუზის ტოლია.
კლიმატური პირობების გამო კონტინენტზე მუდმივი მოსახლეობა არ არსებობს. მკვლევართა ჯგუფში შესულ პირთა რაოდენობა სეზონების მიხედვით 1000-დან 5000-მდე მერყეობს.
ანტარქტიდის სანაპირო ზოლში ზაფხულობით ტემპერატურა 0 გრადუსს ყოველთვის სცდებოდა, რეკორდი - 20.7 გრადუსი 2020 წლის თებერვალში დაფიქსირდა. ახლა იქ ზამთარია და დნობის პროცესი შეჩერებულია, თუმცა, შემდგომი წლებისთვის დამაიმედებელი პროგნოზი არ არსებობს.
კონტინენტს პერიოდულად გიგანტური აისებერგები წყდება. 7 გიგანტური აისბერგიდან, რომელთა ფართობიც 1000 კვადრატულ კილომეტრს აღემატება, 5 ბოლო 20 წელიწადში მოსწყდა.
ანტარქტიდაზე მორგებული პრობლემის მოგვარების რაიმე უნიკალური მეთოდი არ არსებობს. კლიმატოლოგები, ისევე როგორც სხვა მეცნიერთა უმრავლესობა, გამოსავალს წიაღისეული საწვავის მოხმარების კლებაში, განახლებადი ენერგიის წილის ზრდასა და ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებში ხედავენ.
სამხრეთ პოლუსთან დაკავშირებით წარმატების ერთი ისტორია უკვე არსებობს. 1988 წელს მინერალის პროტოკოლმა ფრეონ R22-ის მოხმარება მნიშვნელოვნად შეამცირა, იმავე თვისებების მატარებელი და შედარებით ძვირი ფრეონ R410 ოზონის შრეს საფრთხეს არ უქმნის. ამ გადაწყვეტილების შედეგად ანტარქტიდის თავზე ოზონის ხვრელი ბოლო 30 წელიწადში ყველაზე მეტად დაპატარავდა.