ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგეს, მაია ზალდასტანიშვილს პირველადი ტესტით კორონავირუსი დაუდასტურდა, ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ის კლინიკაში, იზოლაციაში რჩება და საორგანიზაციო საკითხებს აგვარებს, რის შემდეგაც კლინიკას დატოვებს.
„ახლა ვაწესრიგებ მორიგე პერსონალს, რომ განყოფილება არ დავტოვოთ მორიგე ექიმების გარეშე და რაღაცნაირად შევადგინე სია და ბოლო 2 კვირის განმავლობაში იმედია, ექიმები გვეყოლებიან“, - განაცხადა მაია ზალდასტანიშვილმა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 143 376 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 121 621-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 342 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმშია 1 978 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6 366 პაციენტი. კოვიდ-სასტუმროში 3 708 ადამიანი იმყოფება.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.