საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, ცერცვაძე განმარტავს, იმისთვის, რომ საქართველო მესამე ტალღისგან დაზღვეული იყოს, პირბადეების ტარების მაჩვენებელი, რომელიც ახლა 62%-ია, 90%-ზე უნდა ავიდეს.
„მესამე ტალღა, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია, ყოველ შემთხვევაში ევროპის ქვეყნები ელოდებიან. მერკელმა პირდაპირ თქვა, რომ ველოდებით მესამე ტალღას და გაახანგრძლივა მკაცრი „ლოკდაუნი“ 7 მარტამდე. ამერიკაში უკვე მეოთხე ტალღაზე საუბრობენ. მოსალოდნელია, თუმცა ეს არაა სავალდებულო, ეს არაა ბედისწერა. ჩვენს ხელშია, ავიცილებთ თუ არა ამ მესამე ტალღას. ამაში დაგვეხმარება ვაქცინა, მაგრამ სანამ არაა ვაქცინა, ჩვენი ბედი და მესამე ტალღის ბედი არის ჩვენს ხელში. პირბადეების ტარება არის უმნიშვნელოვანესი. სამწუხაროდ, ჩემთან მოდის ინფორმაცია, რომ ადამიანები გავთამამდით და შეზღუდვების მოხსნის პარალელურად პირბადეებზეც უარი თქვეს. თუ პირბადეების გამოყენების მაჩვენებელი იყო 72%, ახლა 62%-ია, ჩვენ რომ თავი დაზღვეულად ვიგრძნოთ მესამე ტალღისგან, პირბადეების ტარების მაჩვენებელი უნდა გვქონდეს 90%“,- განაცხადა ცერცვაძემ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.