„კლინიკა, ამ ეტაპზე, გადავსებულია, სამი ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა“, - ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორმა დავით რეხვიაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, პედიატრიულ კონტინგენტში ყველაზე რთულია წესების დაცვა.
„კლინიკა, ამ ეტაპზე, გადავსებულია, 175 საწოლზე 165 პაციენტი უკვე წევს. აქედან 21 პაციენტი რეანიმაციაშია, ხოლო 3 კრიტიკულად მძიმეა. ასე რომ, ჩვენ თვითონაც შეგვიძლია შევაფასოთ, რამდენად „მსუბუქი“ დაავადება არის „ომიკრონი“.
მომართვიანობა არის გაზრდილი, რადგან პედიატრიულ კონტინგენტში ყველაზე რთულია დავიცვათ იზოლაციის წესები. სამწუხაროდ, იმუნიზაცია ყველა ასაკობრივ ჯგუფში ვერ ხდება, გარდა ამისა, სამწუხაროდ, დაბალია იმუნიზაცია იმ სოციუმში, რომელსაც ურთიერთობა აქვს პედიატრიულ მოსახლეობასთან“, - განაცხადა დავით რეხვიაშვილმა.