„გონიერება მოვიკრიბოთ, ნუ ვიტირებთ თუ დაგვიჭერენ“, - ამის შესახებ ბოდბის მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.
სასულიერო პირის თქმით, ზედმეტად არავის დაცვა არ არის საჭირო.
ამასთან, მეუფე იაკობმა სასულიერო პირებზეც ისაუბრა. ეპისკოპოსმა სასულიერო და საერო პირებს მოუწოდა, რომ „ჭკვიანად იყვნენ“.
მეუფე იაკობმა შერიგების პროცესზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ეს პროცესი ასე არ ხდება“.
„სასულიერო პირებსაც მოვუწოდებ და ერის ხალხსაც მოვუწოდებ, ერთ კაცს და ორ კაცს ნუ გადააყოლებენ. ვიღაცას დაიჭერენ ... რამდენი პატიმარი გვყავს ხომ? 300 ათასზე მეტი მსჯავრდებული გვყავდა, 24 ათასზე მეტი ციხეში იჯდა. მაშინ კარგი სასამართლო იყო და დღეს არის ცუდი? თუ მაშინ არ ვარგოდა სასამართლო, აბა, რა ქვეყანა გქონდა მაშინ აშენებული? უვარგისი სასამართლოს პირობებში სახელმწიფო სახელმწიფოა?
ამიტომ, გონიერება მოვიკრიბოთ. როგორ გგონიათ, რომ დამიჭირონ ტირილს დავიწყებ? ხომ გეტყვით, რომ მიხედეთ თქვენს საქმეს, ქვეყანას მიხედეთ.
ჩვენებსაც მოვუწოდებ ჭკვიანად ვიყოთ და ზედმეტად ნურავის ნუ დავიცავთ, თორემ რაღაც პერიოდი მოვითმენთ, არავის არ მოვთხოვთ, მაგრამ მერე შიგნით პასუხს ჩვენც მოვთხოვთ. შერიგება პატრიარქმაც იცის და მეც ვიცი. სხვები რომ ლაპარაკობენ, გგონიათ იციან რა არის შერიგება? არა, არ იციან რა არის შერიგება.
შერიგება სხვანაირად ხდება. თუ შენდობაა სათხოვარი, ყველამ ერთმანეთს უნდა ვთხოვოთ. ალბათ, ყველა ვართ დამნაშავეები, ვიღაცებს რაღაცის უფლება მივეცით, დროზე არ გავაჩერეთ, აკეთეს ისეთი რამე, რისი გაკეთებაც ადამიანისგან, ქართველი კაცისგან არ არის მიზანშეწონილი“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.