2023 წელს ჯანდაცვის პროგრამების მიმართულებით ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის გაზრდილი ბიუჯეტი 27 მილიონ ლარზე მეტია. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
კახა კალაძე აღნიშნულ თემას კიბოსთან ბრძოლის საკითხზე საუბრისას შეეხო. კიბოსთან ბრძოლაში მოსახლეობის დასახმარებლად თბილისის მერია 3 პროგრამას ახორციელებს.
თბილისის საკრებულოს წევრი ანა კაკაბაძეც გამოეხმაურა. მისი თქმით, მაშინ, როდესაც მსოფლიოში ყოველი მეექვსე ადამიანის გარდაცვალება კიბოს უკავშირდება და მათი რიცხვი კიდევ უფრო იმატებს, მნიშვნელოვანია ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ დაავადებასთან ბრძოლაში მაქსიმალურად გვერდით დავუდგეთ ჩვენს თანაქალაქელებს.
"ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის დროული დიაგნოზის დასმა, ჯერ კიდევ მაშინ როდესაც არანაირი სიმპტომი არ არის გამოვლენილი. სწორედ ამიტომ, თბილისში დაავადებათა სკრინინგის პროგრამა ხორციელდება. აღნიშნულმა პროგრამებმა უკვე გადაარჩინა ათასობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე",- აღნიშნა ანა კაკაბაძემ.
დაავადებათა სკრინინგის პროგრამა მოიცავს ძუძუს კიბოს, საშვილოსნოს ყელის და კოლორექტული კიბოს სკრინინგს, ასევე, პროსტატის კიბოს და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვას. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებს სრულად უფინანსდება საჭირო კვლევები და მედიკამენტები.
კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე 4 თებერვალს აღინიშნება.