თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თურქეთში მომხდარი ტრაგედიის გამო და მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
„მსოფლიო შეძრა დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დატრიალებულმა ტრაგედიამ, რომელმაც ათასობით ადამიანის ტრაგიკული დაღუპვა და მასშტაბური ნგრევა გამოიწვია. ამ რთულ დროს საქართველო თურქი ხალხის გვერდით დგას და სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ეხმარება. კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მაშველებისგან შემდგარი სპეციალური ჯგუფი უკვე გაემგზავრა თურქეთში.
ამასთანავე, მიღებული გადაწყვეტილებით, ქალაქ ადიამანში საქართველოდან დამატებით 40 მეხანძრე-მაშველიც გაიგზავნება. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა შორის საქართველოს სამი მოქალაქეა, რომელთა გარდაცვალების გამო დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ ქვეყნის მოსახლეობას და გამძლეობას ვუსურვებთ“, - ნათქვამია საკრებულოს განცხადებაში.
დღესვე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ახვლედიანმა დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილესთან, თინათინ ნიბლოშვილთან ერთად თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა და ქვეყანაში მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა.