თბილისის მერია გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე დედაქალაქის მაცხოვრებლებს საჭირო კვლევებს და მედიკამენტებს სრულად დაუფინანსებს. გადაწყვეტილება ამის შესახებ დღეს თბილისის საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს.
როგორც თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ, განაცხადა, დღევანდელი გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვნად გააუმჯობესებს აღნიშნული დიაგნოზის მქონე ადამიანების მდგომარეობას.
„დღეს საკრებულოს სხდომაზე უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომლის თანახმად, გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე ჩვენს თანამოქალაქეებს საჭირო კვლევები და მედიკამენტები 100%-ით დაუფინანსდებათ. აღნიშნული ჩვენი გუნდის მუშაობის შედეგია. ეს გადაწყვეტილება ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობის გარანტიაა გახდება“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
აღსანიშნავია, რომ პროგრამით მოსარგებლეები 15-დან 60 წლის ასაკის ჩათვლით ჩვენი თანამოქალაქეები არიან და ერთი მოქალაქის მედიკამენტების და მაღალტექნოლოგიური კვლევების დასაფინანსებლად წელიწადში 25 ათას ლარამდე თანხა არის გათვალისწინებული. პროგრამის ბიუჯეტი 2 676 500 ლარია.