თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, კახაბერ ლაბუჩიძის, ინიციატივით თბილისის მუზეუმების გაერთიანებასთან და გამომცემლობა „ინტელექტთან“ ერთად თბილისის მუზეუმების გაერთიანების ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში პოეტ გენო კალანდიას ახალი წიგნის „აფხაზური რვეულიდან“ პრეზენტაცია გაიმართა.
კახაბერ ლაბუჩიძის განცხადებით, წიგნის პრეზენტაციის მიზანი მწერლის, პოეტისა და ჟურნალისტის, რუსთაველის პრემიის ლაურეატის, მრავალი ჯილდოს მფლობელი ხელოვანის - გენო კალანდიას - სახელის უკვდავყოფაა.
„ჩვენი ქვეყნისთვის 27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღე, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკულია. სიმბოლურია, რომ დღეს იმ დიდი პოეტის კრებულის პრეზენტაცია იმართება, რომელმაც მთელი ცხოვრება ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მშვიდობიანი გზით მოგვარებას მიუძღვნა“, - აღნიშნა კახაბერ ლაბუჩიძემ.
„აფხაზური რვეულიდან“ გენო კალანდიას, ქართველი პოეტის, ინტელექტუალისა და საზოგადო მოღვაწის, ოდისეაა, ცხოვრების ერთგვარი შეჯამება, რომელიც ბოლო წლებში იქმნებოდა ჩანაწერებისა და დოკუმენტური ნოველების სახით.
ღონისძიებაზე თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ნინი სანადირაძემ და გამომცემლობა „ინტელექტის“ მთავარმა რედაქტორმა, მწერალმა ზვიად კვარაცხელიამ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებსა და ომამდელ აფხაზეთზე ისაუბრეს.
განათლებისა და კულტურის კომისიის უშუალო ჩართულობითა და მხარდაჭერით, თბილისის მერიასთან ერთად 2022 წელს ისანში, მეტეხის ქ. N16-ში, გაიხსნა პოეტის მემორიალური დაფა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი რიმა ბერაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი მარიკა დარჩია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები, მწერლები, გამომცემლები, კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები და სკოლის დირექტორი.