რუსუდან (მაცაცო) სებისკვერაძე ორი დღის წინ “ფაიზერის” ვაქცინით აიცრა. როგორც ამბობს, იმუნიზაციამ ყოველგვარი გამოვლინების გარეშე ჩაიარა. პანდემია რომ დასასრულისკენ წავიდეს, კომპოზიტორი ყველას აცრისკენ მოუწოდებს.
ბევრი საყვარელი სიმღერის ავტორი თავის გამოცდილებას გვიზიარებს.
მაცაცო სებისკვერაძე: – ვაქცინამდე თუკი რაიმე გამოკვლევა შეიძლებოდა, ყველაფრის გამოკვლევა გავიკეთე, რაიმე არ შემეშალოს-მეთქი. რამე ვის არ აწუხებს, თან სტენდები მაქვს ჩადგმული, 74 წლის ვარ, პატარა კი არ ვარ. მეშინოდა, ამიტომ სანამ გამოკვლევები არ ჩავიტარე, არ ავცრილვარ.
ყველა უნდა აიცრას, რომ გამოვძვრეთ ამ პანდემიიდან, თორემ არასდროს გათავდება, სულ იქნება. ვაქცინის გარდა გამოსავალი არ არსებობს. მთელი სიცოცხლე ცხვირ-პირახვეული და ჩაკეტილები ხომ არ ვიქნებით?!
ერთი წელიწადია გარეთ არ გავსულვარ. მეშინია, შვილიშვილებს ვერ ვნახულობ. რადგან ერთადერთი გამოსავალი ვაქცინაა, მოვინდომოთ და გავიკეთოთ. ეგებ გადავრჩეთ.ამბობს, რომ ეს მძიმე ერთი წელიწადი შემოქმედებითმა აქტიურობამ გადაატანინა. აპრილში ქმრის წლისთავი მოდის.
მეცნიერი და პროფესორი, ედუარდ გერსამია შარშან 84 წლის ასაკში, ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
“შემთხვევით შევხვდი. 37 წლის იყო – მეცნიერი, უკვე პროფესორი. საკავშირო ინსტიტუტში მუშაობდა. ერთ დღეს თავის დირექტორთან ერთად იყო სუფრასთან. რომ გამეცნო და სახელი მითხრა, გამეცინა, ცკ-ის მდივანი ედუარდ შევარდნაძე გამახსენდა. ვუთხარი: “ეს რა სახელი გქვია, მაგას ვერ დაგიძახებ. შინაურული, შერქმეული სახელი არაფერი გაქვს, რომ ის დაგიძახო?”. მითხრა, გვარის გამო სკოლაში “გერსიკას” მეძახდნენო. მეც “გერსიკას” დაგიძახებ-მეთქი, ვუთხარი.
არც პირველი დანახვით შემყვარებია და მერეც დიდხანს ვყოყმანობდი. მან ყველა ღონე იხმარა, რომ მომწონებოდა. მაშინვე მიხვდა, ვინ ვიყავი, როგორი შინაგანი ბუნება მქონდა, რომ კარგი მეუღლე და კარგი დედა ვიქნებოდი.
მე და ჩემი მეუღლე ყოველთვის პატივს ვცემდით ერთმანეთს. მას ეამაყებოდა ჩემი სახელი, მე – მისი განათლება” – ამბობს “სარკისთვის” მიცემულ ინტერვიუში კომპოზიტორი.