დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად სააკაშვილმა საპატიმროდან კულტურის სამინისტროსთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადა.
„სააკაშვილმა, წარსულში პრეზიდენტმა და ქინძმა (ეს მისი სიტყვებია) დღეს კულტურის სამინისტროსთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადა. გახსოვთ სააკაშვილის ცნობილი ტერმინი ჩარეცხილი ინტელიგენცია? სწორედ ჩარეცხილია სიტყვა, რომელიც წარსულში სააკაშვილს კულტურის სფეროსთან აკავშირებდა. მან საკუთარი მმართველობის დროს გაანადგურა კულტურა, თანამდებობიდან არაერთი თეატრის ხელმძღვანელი თუ უბრალოდ კულტურის სფეროში დასაქმებული ადამიანი გაათავისუფლა, დღეს კი მათ ქომაგად მოგვევლინა, ვისაც ებრძოდა და დღემდე ებრძვის, მაგრამ დღეს ასე იყო საჭირო, მიშამაც არ დააყოვნა და მისი რიტორიკა დროებით შეიცვალა.
ყველა სამართლიანი და გულწრფელი პროტესტი სოლიდარობას იმსახურებს, მაგრამ მართული პროტესტის დაცვა არასწორად მიმაჩნია. რეალურად პროტესტი ერთი ადამიანის, თეა წულუკიანის წინააღმდეგ არის მიმართული, რომელმაც კულტურის სფეროს მოწესრიგება და სტრუქტურული გამართვა დაიწყო, მინისტრის ხელმძღვანელობით სამინისტროში საქმეზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმართვა მიმდინარეობს, რომელიც კულტურის სფეროს გაძლიერებაზეა ორიენტირებული“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.