ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მიიჩნევს, რომ წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის ვაქცინირება უნდა მოხდეს.
როგორც მან “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა, არაფერს ნიშნავს ვაქცინაციის სიმბოლური დოზებით შემოტანა – რამდენიმე 100 000 დოზა. მისი თქმით, უწყვეტი მოწოდების ჯაჭვი უნდა იყოს.
“ჩემთვის, როგორც ექიმისთვის ვაქცინაციის დაწყება სიმბოლური დოზებით არაფერს არ ნიშნავს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ საქართველოში წლის ბოლომდე რამდენიმე 100 000 დოზა გვექნება, არც მოსახლეობის 60%-ის აცრას მოიცავს, ეს მხოლოდ იქნება ვაქცინაცია ვაქცინაციისთვის. ეს არ იქნება პანდემიის დაძლევისთვის. მთავარია, იყოს უწყვეტი მოწოდების ჯაჭვი. წლის ბოლომდე გარანტირებული დოზები უნდა გვქონდეს იმისათვის, რომ დასახული მიზნები ბოლომდე მივიყვანოთ,”- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
მანვე იმაზეც ისაუბრა, რომ ვაქცინაციის საკითხში ჩართული პრეზიდენტი და პრემიერიც უნდა ყოფილიყო.
“ისრაელის მაგალითზეც უნდა ვთქვათ, რომ იქ სახელმწიფოს პირველი პირები იყვნენ ჩართულები და ნამდვილად ვიზიარებ ჯანდაცვის მინისტრის მოსაზრებას, რომ ისრაელის მაგალითის საქართველოზე უნიფიცირება არ გამოგვადგება, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, ამაში უნდა ყოფილიყო ჩართული პრეზიდენტი, პრემიერიც. უნდა ყოფილიყო წერილი წერილზე და თუ საჭირო იქნებოდა ვიზიტიც კი, რაც ჩვენ არ გვინახავს. თუ ფარულად განხორციელდა, ბუნებრივია, არ ვიცი”, – განაცხადა ბიძინა ლულუმბეგოვმა.