ია ანთაძემ ჟურნალისტური ეთიკის ქარტია დატოვა - ის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადარჩენის გეგმას არ იზიარებს.
"გამოდის, ერთი მხრივ, როგორც მენეჯმენტის წარმომადგენელი, ვარ კრიზისში და მეორე მხრივ, როგორც ქარტიის დამფუძნებელი, გადავირჩენ თავს. სიტუაცია აბსურდამდე მივიდა. არ არსებობდა სხვა ნაბიჯი გარდა იმისა, რომ ან დამეტოვებინა ტელევიზია, თუ მიმაჩნია, რომ კრიზისშია, ან დამეტოვებინა ქარტია, თუ არ ვეთანხმები. მიზანშეწონილად მივიჩნიე ქარტიის დატოვება. გეგმის ავტორებს პასუხს არ გავცემ, სერიოზული თემაა და პასუხს ტელევიზია გასცემს, ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლის. ჩემი დამოკიდებულება გამოიხატა იმაში, რომ დავტოვე ქარტია, რომლის შექმნაშიც პატარა წვლილი არ მიმიძღვის", - განმარტა ია ანთაძემ.
მანამდე ია ანთაძემ "მოამბის" რედაქტორთა ჯგუფი დატოვა.
ის საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩევლად 2017 წლის იანვარში დაინიშნა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ უკმაყოფილება პოეტ ზვიად რატიანის დაკავების ვიდეოს გავრცელებამ გამოიწვია.