„რუსთავი 2″ ახალ სატელევიზიო სეზონს სიახლეებით იწყებს. დღეიდან კურიერს გიორგი სანაიას ვაჟი, სანდრო სანაია წაიყვანს.
“ორმაგად საპასუხისმგებლო საქმეა ჩემთვის, გავაგრძელელო “რუსთავი 2”-ის ისტორია. ვიჯდე “კურიერის” ეთრში და მაყურებელს გავაცნო დღის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები”, – ასე მიმართა სანაიამ მაყურებელს “კურიერის” წამყვანის რანგში.
სანდრო სანაიას თქმით, იმედი აქვს, რომ მამის მსგავსად თავადაც მოიპოვებს საზოგადოების ნდობას.
“შეიძლება ეთქვა არ გინდაო, ან მიდი როგორც შენ გინდაო. ორი პასუხი არსებობს – ან კი, ან არა. თუმცა მე მაინც იმას ვიზამდი, როგორც მე მივიჩნევდი სწორად. ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ უკვე და იმედი მაქვს, რომ მეც მოვიპოვებ იმ ნდობას, რომელიც არსებობდა გიორგი სანაიას მიმართ”, – განაცხადა სანდრო სანაიამ.
ცნობისთვის, ჟურნალისტი გიორგი სანაია დაიბადა 1975 წელს, სამეგრელოში. შემდგომში საცხოვრებლად გადავიდა თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი (1997). სტუდენტობის პერიოდშივე მუშაობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში. მოგვიანებით, მისი ყველაზე დიდი ნაბიჯი იყო ტელე-სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2. აქ გიორგი სანაიას მიჰყავდა იმ დროისათვის ყველაზე პოპულარული თოქ-შოუ „ღამის კურიერი“.
2001 წლის ივლისში, ტელევიზიით მოულოდნელად გავრცელდა ცნობა გიორგის გარდაცვალების შესახებ. გარდაცვალების რეალური მიზეზი დღემდე უცნობია, თუმცა, ბევრის მოსაზრებით ამ მკვლელობის მიზეზი ქვეყნის იმდროინდელი პოლიტიკური ინტრიგები უნდა ყოფილიყო. მას დარჩა ცოლი და ერთი შვილი. გიორგი სანაია დღემდე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქართველ ტელეწამყვანად და ერთ-ერთ საუკეთესო ჟურნალისტად.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.